,, მირჩევნია გამოცდას სამსახურის ხელმძღვანელები აბარებდნენ, ვიდრე წარმომადგენლები“ - დმანისის გამგებელი - 09 ივნისი 2015


,,ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის" ინტერესდება რა სირთულეებს არწყდებიან არჩეული გამგებლები მუნიციპალიტეტების მართვისას.

ჩვენი რესპოდენტები არიან დმანისის გამგებელი გოგი  ბარბაქაძე და მარნეულის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი.

კითხვაზე მუნიციპალიტეტის მეტად ეფექტურად მართვისთვის, რა საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, დმანისის გამგებელი ორ ძირითად საკითხზე საუბრობს. ამბობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტების ხაზინაზე გადასვლა არის მათთვის ერთ-ერთი მთავარი სირთულე.

,, ხაზინაზე გადასვლამდე ვსარგებლობდით ადგილობრივი ბანკებით და ეს მოსახერხებელი იყო დროის კუთხით. ამ შემთხვევაში გვიწევს ველოდოთ თანხმობას ხაზინისგან. ნამდვილად, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ესა, თუ ის გადარიცხვა არ დაუშვა ხაზინამ, მაგრამ ჩემი აზრით როდესაც თანხების აღნიშნული მოძრაობა შეთანხმებულია საკრებულოსთან, ასევე, ბიუჯეტის დამტკიცებისას ყველა საკითხი, რომელიც რაიმე შეხებაშია სხვადასხვა სამინისტროებთან, უკვე გავლილია - ვთვლი, რომ ხაზინის ნებართვა არ უნდა იყოს საჭირო", - საუბრობს გოგი ბარბაქაძე.

 გამგებელი, რომელსაც ეთნიკურად მრავალფეროვანი მუნიციპალიტეტი აბარია სხვა სირთულეზეც საუბრობს. ბარბაქაძე ამბობს, რომ საჯარო მოხელის სავალდებულო გამოცდა მისმა ვერცერთმა წარმომადგენელმა ვერ ჩააბარა.  მისი თქმით, იქმნება ისეთი რეალობა, როდესაც ეს ადამიანები კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ არ იციან კანონმდებლობა - რომლის გამოყენებაც აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნისას არ სჭირდებათ.

,, მირჩევნია გამოცდას სამსახურის ხელმძღვანელები აბარებდნენ, ვიდრე წარმომადგენლები. რეალურად ის საკანონმდებლო ცოდნა, რაც მათ მოეთხოვებათ გამოცდით - თავიანთი საქმის შესასრულებლად საერთოდ არ სჭირდებათ.
ახლა, უკვე  მეორედ გადიან გამოცდას ჩემი წარმომადგენლები და თუ კიდევ ვერ ჩააბარებენ - მომიწევს  სხვების დანიშნვა. ეს საკითხი რთულია, რადგან ავირჩიეთ თემში გამგებლის წარმომადგენლებად კადრები, რომელთაც შესაბამისი ავტორიტეტი აქვთ ადგილობრივებში და არიან მოსახლეობისთვის მოსაწონი ადამიანი", - საუბრობს ბარბაქაძე.

თავისი შეხედულებები აქვს არჩეული გამგებლის და საკრებულოს ინსტიტუტთან დაკავშირებითაც. ამბობს, რომ პირდაპირი არჩევის შედეგად გამგებელს აქვს კანონით ისეთი ლეგიტიმაცია, რომ მისი გადარჩევის უფლება საკრებულოს არ უნდა ჰქონდეს.
 ,, ცხადია, უნდა არსებობდეს გამგებელზე სხვა ბერკეტები, მაგრამ ეს უშაულოდ მოსახლეობისგან უნდა მოდიოდეს, რადგან გამგებლის ძალაუფლების წყარო, სწორედ მოსახლეობაა", - დასძენს დმანისის გამგებელი. კითხვაზე მუშაობის პერიოდში განხორციელდა, თუ არა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მის უფლებამოსილებებში ჩარევა - ამბობს, რომ ასეთი რამ არ ყოფილა.

აღნიშნულ კითხვაზე ასევე გვპასუხობს მარნეულის გამგებელი, მერაბ თოფჩიშვილი. აქვს კოლეგისგან განსხვავებული ხედვებიც. ამბობს, რომ ხაზინაზე გადასვლა იყო თავდაპირველად რთული პროცესი, მაგრამ ახლა თანამშრომლებმა ,,ალღო უკვე აუღეს."  თვლის, რომ ცვლილებებია საჭირო გამგებლის წარმომადგენლების უფლებამოსილებებში.

,, დღეის მდგომარეობით მათ მხოლოდ ორი ცნობის გაცემის უფლება აქვთ. ეს არის ცნობა საქონლის ადგილწარმოების შესახებ და მოსახლის ფაქტობრივი საცხოვრებლის დამადასტურებელი. ჩემი აზრით, საჭიროა სხვა ცნობების გაცემის უფლებაც მივცეთ, რათა მოსახლეობას ადგილზე შეეძლოს მათი მიღება. საუბარი მაქვს ვთვათ, ცნობაზე წარსულში იქ ცხოვრების, ან ქონების ფლობის შესახებ. ეს საკითხი უკვე დასმულია დღის წესრიგში და გადაგზავნილია იუსტიციის სამინისტროში," - საუბრობს, მარნეულის გამგებელი, მერაბ თოფჩიშვილი.

ამბობს, რომ საქმიანობაში სხვა სირთულეებს - რაც საკონონმდებლო დონეზე ცვლილებებს საჭიროებას არ აწყდება. თვლის, რომ ბიუროკრატიული მომენტები მინიმუმამდეა დაყვანილი და ეს საქმის სწრაფად კეთების შესაძლებლობას აძლევთ.

მასალა  მომზადებულია  სამოქალაქო  კულტურის   საერთაშორისო   ცენტრის  პროექტ - „სამოქალაქო  საზოგადოება   დეცენტრალიზაციისათვის" ფარგლებში, ფონდ „ღია   საზოგადოება   საქართველოს" მხარდაჭერით.
სტატიაში   გამოთქმული  მოსაზრებები  შესაძლოა არ  ემთხვეოდეს  სამოქალაქო  კულტურის  საერთაშორისო  ცენტრის  და  ფონდ „ღია  საზოგადოება  საქართველოს" პოზიციას.

Comments