ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, ქვეყანაში მოღვაწე  პროგრესული ძალები ცდილობენ - ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის წარმატებულად წარმართვას. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ფასეულობების ადამიანები როგორც წარსულში, ასევე დღესაც მეტ-ნაკლებად მაინც ხვდებიან ქვეყნის მმართველ ინსტიტუტებში -  ევროპისკენ სავალ გზაზე იდეური მოწინააღმდეგეების გარდა, მუდმივად არსებობს სხვა ხელისშემშლელი - რუსული ფაქტორი.

რუსეთი, რომელმაც საქართველოსთან წარმოეული ომებით (აფზახეთი, ცხინვალის რეგიონი) ქვეყნის მრავალი თაობა მოწყვიტა მშვიდ და ჰარმონიულ განვითარებას - ცდილობს საქართველო მუდმივად სამხედრო, თუ ეკონომიკურ წნეხში ამყოფოს. ხელს უწყობს რა ანტიევროულ ძალებს  - მოქმედებს პროპაგანდის იარღით, როგორც თავისი ქვეყნის მოსახლეობაზე ასევე ,,მეზობლებზე," რომელთა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის უფლებას არ სცნობს. პროპაგანდის გზაზე საქართველოში  ხელ-ფეხს უხსნის ის ფაქტიც, რომ ქართულ სივრცეში რუსული არხების მაუწყებლობა აღდგა.


ეს და სხვა მრავალი ფაქტორი არის საქართველოსთვის ევროინეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. არსებულ  სირთულეთა რიგში ერთ-ერთია:  საქართველოს ეროვნული უმცირესობების ინფორმირებულობის დონე ევროპის და ევროპული ღირებულებების შესახებ. ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ ქვემო ქართლში მცხოვრები საქართველოს აზერბაიჯანლების მაგალითზე.

ის, რომ ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა არაა საკმარისი - უმცირესობათ განწყობის 2009-2013 წლებში ევრაზიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებული კვლევაც აჩვენებს. აღნიშნული კვლევა ქვემო ქართლის, კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ჩატარდა.

,, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები ნაკლებად არიან დარწმუნებული საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სიკეთეებში. ხვალ რომ ტარდებოდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში შესვლის შესახებ, ეთნიკური უმცირესობების 52 %, ანუ უმრავლესობა, არ დაუჭერდა ამას მხარს ან არ იცის, როგორ მოიქცეოდა. თუმცა, უმცირესობების მესამედს დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირის შესახებ, კიდევ ერთ მესამედს - ნეიტრალური, 23% ვერ გარკვეულა საკუთარ გრძნობებში ევროკავშირის მიმართ. ასეთი მერყეობა ევროკავშირის მიმართ ეთნიკური უმცირესობების განწყობების გამოკვეთილი მახასიათებელია" - ვკითხულობთ კვლევაში, რომელიც  CRRC საქართველომ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაკვეთით ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში 2 500-მდე რესპოდენტი გამოიკითხა. რთული სათქმელია, მათ შორი მოხვდა თუ არა გარდაბნის საკრებულოს წევრი ვიდადი ემინოვი, თუმცა მისი განწობები კვლევაში ასახულს ადასტურებს. ემინოვი ამბობს, რომ რუსეთი ევროპაზე და ამერიკაზე  ,,ახლოსაა" ჩვენთან და სიტყვა ახლოში მხოლოდ ტერიტორიულ სიახლოვეს არ გულისხმობს.

,, სიახლოვე არის ურთიერთობის კუთხითაც. ჩვენ ხომ რუსეთთან ერთ სახელმწიფოდ ვცხოვრობდით, ერთად ვმსახურობდით, ვმეგობრობდით..  ევროპა და ამერიკა შორია ჩვენგან. გვჭირდება რუსეთთან მეგობრული ურთიერთობები ჩვენი ეკონიმიკის გასაზრდელადაც" - საუბრობს ემინოვი. კითხვაზე საქართველოს ტერიტორების ოკუპაციის და არაერთი ომის შემდეგ, როგორ წარმოუდგენია  რუსეთთან ურთიერთობა ამბობს, რომ ,, ეს არის პოლიტიკოსების საქმე."

გარდაბნის საკრებულოს წევრს პრორუსულ განწყობებში მხარს არ უჭერს გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რაფი ორუჯოვი. ამბობს, რომ საქართველოს აზერბაიჯანლები ქვეყნის ევროპულ არჩევანს იზიარებენ. რუსეთთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ აუცილებელია ცივილური ურთიერთობების ქონა, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ წარმოუდგენია.

ორუჯოვის მსგავსი განწობები აქვთ მარნეულის საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლებს.( ყოველშემთხვევაში, მათ ვისაც ვესაუბრეთ)  მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები რაგიმ ასკეროვი და ეითიბარ სამედოვი - ამბობენ, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ქვეყანას მეტ უსაფრთხოებას და ეკონომიკურ წინსვლას მოუტანს.

საჯარო მხელეებთან ერთად ვესაუბრებით რიგით მოქალაქეებსაც. რაშიდ მამედოვი რომელსაც გარდაბნის  ცეტრში ვხვდებით ამბობს, რომ დღეს აქ ,,ბირჟაზე" ათობით ადამიანი იმიტომ დგას, რომ მუნიციპალიტეტში მასიური უმუშევრობაა. ეს კი მისი აზრით, ნაწილობრივ რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობის ბრალია.

,, როდესაც რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდა კიდე შეიძლებოდა რაღაცის ,,ჩალიჩი." ვერაფერი გაგვაქვს ვერც რუსეთში და ვერც აზერბაიჯანში - საბაჟოზე დიდი გადასახადებია. ევროპა კი კიდე უფრო ხელმიუწვდომელია ჩვენთვის. რა ვიცით როგორ უნდა გავიტანოთ ჩვენი პროდუქტი?! ან, რომ ამბობთ ევროპული განათლება-ო, ჩვენ აქ ვერ მიგვიცია განათლება შვილებისთვის და ევროპულს როგორ გავწვდებით?!" - ამბობს მამედოვი. მსგავს შეხედულებებს  ვისმენთ მარნეულშიც. გარდა რუსეთისა და ევროპის მიმართ რიგით მოქალაქეებში არსებული იდენტური ხედვებისა - მათ შორის სხვა მსგავსებაცაა. კითხვაზე საიდან იღევენ ინფორმაცია ყოველდღიურად გვპასუხობენ, რომ ქართული ენის ცოდნის დაბალი დონის გამო (ძირითადად უფროსი თაობა) ინფორმაციას იღებენ - რუსული, აზერბაიჯანული და თურქული არხებიდან.

,, ჩემი ოცნებაა ევროპაში სასწავლებლად წასვლა, თუმცა ინგლისური არ ვიცი ძალიან კარგად. მაქვს ინფორმაცია ევროპისა და ევროკავშირის შესახებ და მინდა ჩვენც გავხდეთ ამ განვითარებული სამყაროს ნაწილი. ახალგაზრდები ძირითადად ასე ფიქრობენ, რადგან აქვთ საჭირო ინფორმაცია, ასეთი განწყობები ნაკლებადაა უფროს თაობაში. ჩემი აზრით მათაც, რომ  ჰქონდეთ საკმარისი ინფომაცია - ჩვენ მსგავსად იფიქრებდნენ", - ამბობს გიულარ იბრაგიმოვა.

ევროინტეგრაციის საკითხზე  ,,შვილებისა"  და ,,მშობლების" განსხვავებულ ხედვებს დიდი ხანია აკვირდება  ,, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი"-ს დირექტორი ზაურ ხალილოვი.

,, ევროპის მიმართ უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდების და ძველი თაობის დამოკიდებულება ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწი. ცხადია, აქ მთავარ როლს ინფორმირებულობა თამაშობს.

თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ახალგაზრდების განწობები არაა საკმარისი. ჩვენ ხომ არ გვაქვს დაწესებული ასაკობრივი ზღვარი, ვინ შედის ევროპაში და ვინ არა. საჭირო  ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის.

მიდის მამების და შვილების ომობანა,  მაგრამ საკითხი არ დგას სწორად. უფროს თაობას დღეს ჰგონია, რომ ახალგაზრდებს ევროპა სურთ, რადგან არ უნდათ თავიანთი ტრადიციების შენარჩუნება  და ასე ვთქვათ, ზედმეტი თავისუფლება სურთ. არადა ახალგაზრდებს რეალურად კარგი ევროპული განათლების მიღება, ახალი ფართო შესაძლებლობების შექმნა საკუთარი თავისთვის და უკეთესი მომავალი უნდათ",- საუბრობს ხალილოვი. ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებებთან  არა ერთ შეხვედრას დაესწრო ამ თემაზე და მუდმივად მოუწოდებს მათ, მეტი იმუშაონ ეთნიკურად მრავალფეროვამ მუნიციპალიტეტებში.

,, ახლახანს გვქონდა შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც და დავაყენეთ ეს საკითხი - რა კეთდება იმისთვის, რომ უმცირესობებს ჰქონდეთ ინფორმაცია ევროპულ ფასეულობებზე?! რა კეთდება ევროპის მიმართ არსებულ სტერეოტიპებთან დასაპირისპირებლად?! არის დაპირებები, მაგრამ მე პირადად ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს ვხედავ. ასევე, მუდმივად მაქვს საუბარი - უმცირესობების სკოლის სახელმძღვანელოებში ევროინტეგრაციის თემებზე ინფორმაციის შეტანაზე.  ამ შემთხვევაშიც უარს არ ამბობენ, მაგრამ ჯერ ესეც არ კეთდება.

,,საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ - 2014 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით  300-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა, ხოლო 2015 წლის პირველ ნახევარში  - 200-მდე შეხვედრა გამართა. მათ შორის, განხორციელდა ევროინტეგრაციის ხელშემწყობი პროექტები ადგილობრივ სამოქალაქო სექტორთან ერთად. ცენტრი ასევე, წელს აპირებს წარმომადგენლობის გახსნას  მარნეულის მუნიციპალიტეტში.

,, ვგეგმავთ ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებთან პარტნიორობით ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ასევე, ხელს შევუწყობთ ახალგაზრდულ ინიციატივებს, მოსწავლეების ინფორმირებას. მთავარი არის, რომ ყველამ - მოსწავლემ, სტუდენტმა, მასწავლებელლმა, საჯარო მოხელემ, ფერმერმა, ყველამ მიიღოს საჭირო ინფორმაცია და ყველას შეექმნას განცდა, რომ ეს პროცესი თითოეულ მოქალაქეს ეხება და ჩვენს ცხოვრებას პოზიტიურად ცვლის. ჩვენ ასევე დიდი იმედი გვაქვს, ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხარდაჭერის, რაც ჩვენი წარმატებისა და ეფექტიანი საქმიანობისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს", - საუბრობს საინფორმაცი ცენტრის დირექტრის მოადგილე, თამარ მედულაშვილი.

ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხში დიდია, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ასევე ადგილობრივი მედიის როლი. ,, რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოების განათლებისა და ინფორმირების გზაზე მედიის როლი არის ძალიან დიდი, მე ვიტყოდი განმსაზღვრელი. საზოგადოებრივ მაუწყებლის ერთ-ერთი ვალდებულება სწორედ ევროინტეგრაციის მიმართულება გახლავთ. ასევე უმნიშვნელოვანესია, ადგილობრივი მედია საშუალებების აქტიურობა. იმისათვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გახდეს საჯარო და საყოველთაო, მისი მხარდჭერა კი- გაცნობიერებული, მედია მასზე დაკისრებული მნიშვნელოვანი ფუნქციას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს"- დასძენს მედულაშვილი.
,,საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" აცხადებენ, რომ აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად მთავრობა მუშაობს.

,,საქართველოს მთავრობას შემუშავებული აქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ კომუნიკაციის სტრატეგია. სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტტეტულ სამიზნე ჯგუფად გამოყოფილია სწორედ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. სტრატეგიის საფუძველზე მუშავდება სამოქმედო გეგმა  და მის განხორციელებაში ჩართულია თითქმის ყველა დარგობრივი სამინისტრო," - საუბრობს, ,,საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" დირექტორის მოადგილე.

p.s ისევე როგორც წარსულში ახლაც ადამიანები, რომელთაც სჯერათ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის იდეის, ცდილობენ სხვებიც დაარწმუნონ, რომ არ აქვს ალტერნატივა მსოფლიოს იმ ნაწილთან მეგობრობას, სადაც ყოველდღიურად იხვეწება კანონები იმისთვის, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს სიცოცლის, ჯანმრთელობის, განათლების მიღების და უბრალოდ ბედნიერად ცხოვრების უფლება. ახლა ამაში დარწმუნება ხელისუფლებას, სამოქალაქო სექტორს, მედიას - უწევს საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც არასწორს არჩევანს აკეთებს, მხოლოდ, ინფორმაციის ნაკლებობის  და წლების განმავლობაში არსებული იმ სტერეოტიპის გამო, რომლის  თანახმადაც  - თავისუფლება და არჩევანის უფლება პატარა ქვეყნებისთვის არ არსებობს.   

მანონ ბოკუჩავა

ფოტოს წყარო: მარნეულს ახალგაზრდულ ცენტრი. გადაღებულია მარნეულში. შეკრებილები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას ზეიმობენ.

Comments