საზოგადოება, რომელიც ვერ ხედავს ადამიანს - 24 ოქტომბერი 2015


მომისმენია არც თუ ცოტა საუბრები მათ შესახებ.. საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რომ ეს ადამიანები არიან მათი სამედიცინო დიაგნოზები. 22 წლის თამუნას კი, რომლის შესახებაც დედა საუბრობს, ძალიან უყვარს ბავშვები. რუსუდან გ  ამბობს, რომ მის შვილს შეუძლია საათობით იზრუნოს ბავშვებზე. უყვარს ყვითელი ბუშტებიც.

,, ამ ბუშტებს შემდეგ ჭრის და თავზე, რომ სქელი რეზინი აქვს ბეჭდად იკეთებს. ეს საქორწინო ბეჭედია მისთვის. ალბათ ამ ასაკში ისევე, როგორც სხვა გოგოები ოცნებობს დაოჯახებაზე" - ამბობს რუსუდან გ.  ფიქრობს, რომ არასდროს გადავა გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან სხვაგან საცხოვრებლად, რადგან თამუნას აქ, ყველა იცნობს და თბილად ექცევა. წლების შემდეგ კი იხსენებს თამუნას სკოლაში მიყვანის პერიოდს. ამბობს, რომ ბავშვები ამ ფაქტს უფრო ჯანსაღად შეხვდნენ ვიდრე მათი მშობლები. სკოლაში სულ 3 წელი სწავლობდა. ამ წლების წყალობით იცნობს და უყვარს თავის კლასელები. ეს დამოკიდებულება ორმხრივია. 20 წლის ნინოსთვის კი სკოლა საინტერესო ადგილი არასდროს ყოფილა. თანატოლებთან ურთიერთობა კი მოსწონდა, მაგრამ რთული იყო სწავლისკენ ყურადღების მიმართვა. ნინოც თამუნას მსგავსად გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ჩვენ გასაცნობად მოსულს, გარეთ გასვლა და თამაშის გაგრძელება ეჩქარება, თუმცა მოკითხვას მაინც ასწრებს.

აქტიური და კონტაქტურია. როდესაც რამეს აშავებს, თავს იმართლებს, რომ  ,,ავადმყოფია." დედა ამბობს, რომ ეს სიტყვა ალბათ ვიღაცამ მისი მისამართით თქვა და დამახსოვრებული აქვს.

ამქვეყნად ყველაზე მეტად ბებია უყვარდა. იგი აღარ ჰყავს, მაგრამ როგორც კი რამე სასიხარულო ხდება მის ცხოვრებაში რეკავს გორში, სადაც ბებია ცხოვრობდა და იქაც ყველას აგებინებს თავის სიხარულს. გარდაბანში ბევრ ადამიანს იცნობს. ყველას ესალმება და მხოლოდ ზოგჯერ წამოცდება ,,ცუდი" სიტყვები, რომელიც ქუჩაში მოსმენილი კამათის დროს გაიგო. თუმცა ,,ცუდ" სიტყვებს დღემდე ადგილობრივების აგრესია არ მოჰყოლია, რადგან აქ მას ყველა იცნობს.

ნინო მარუაშვილი, რომელიც 10 წელია მუშაობს შშმ ბავშვთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე და არის გარდაბნის ,, თერაპიული ცენტრი"-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში არის სურათი, როდესაც პატარა სოციუმს არ უჭირს მსგავსი სირთულის მქონე ადამიანის მიღება.

,, სამწუხაროდ, დამოკიდებულება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების მიმართ, ისეთივეა როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო. არის სერიოზული სტიგმა, რაც ხელს უწყობს ამ ადამიანების მარგინალიზაციას და ცალკე ჯგუფად გამოყოფას", - ამბობს მარუაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ:  თანამედროვე  სამკურნალო მეთოდების წყალობით ფსიქიკური აშლილობათა 90 % განკურნებადია;  ფსიქიკური სირთულის მქონე ადამიანების 88 %-ს კონფლიქტი არ ჰქონია ოჯახში და რისკი იმისა, რომ შიზოფრენიით დაავადებულმა ადამიანმაც კი როდესმე დააზიანოს სხვა არის 0.005 % - საზოგადოების ნაწილისთვის რთულია მათი მიღება.

ნინო მარუაშვილი საუბრობს, რომ სტიგმის გავლენის ქვეშ ხშირად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვების მშობლებიც ხვდებიან. საზოგადოების არასწორი დამოკიდებულების გამო, ისინი აგვიანებენ შვილებისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.

,, ადამიანები ყოველთვის გრძნობენ მათ მიმართ ვის რა დამოკიდებულება აქვს. ფსიქიკური პრობლემის მქონე პირები კი მეტად მგრძნობიარეები არიან და ამ განწყობებს ზუსტად აღიქვამენ. შესაბამისად, ერთი მხრივ, დანარჩენი საზოგადოება რიყავს მათ და თავადაც რიყავენ ამის გაცნობიერების გამო საკუთარ თავს საზოგადოებისგან" - ამბობს, მარუაშვილი.

ყვება წელს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც რუსთავში ფსიქიკური პრობლემის მქონე ქალბატონმა ხალხმრავალ ქუჩაზე ტანსაცმლის გახდა დაიწყო. ადამიანების დიდი ნაწილი  კი მისი დახმარების ნაცვლად იდგა და უყურებდა.

სტიგმა-დისკრიმინაციული დამოკიდებულება, ცხადია არ არის ერთადერთი პრობლემა, რომლის წინაშეც ეს ადამიანები დგანან. არსებობს სამედიცინო მიმართულების და სოციალური რეალიზაციის რიგი სირთულეები, თუმცა პრობლემების გრძელი ჯაჭვის მაკავშირებელი რგოლი  - დამოკიდებულებებია.

საჯარო მოხელე, რომლისთვისაც სკოლის ასაკიდან არავის აუხსნია თანასწორობის მნიშვნელობა და რომლისთვისაც, ეს არ არის ბუნებრივი განცდა - ვერასდროს შექმნის ადამიანების ღირსების პატივისმცემელ სისტემას. ასევე მასწავლებელი, რომელსაც ისედაც დიდი შრომა ადგას, ფსიქიკური ჯანმრთელოს პრობლემის მქონე მოსწავლის მიმართ, თუ არაა ტოლერანტური, რამდენი ტრენინგზეც არ უნდა მოისმინოს - ვერ გახდება, მისთვის ინდივიდუალი გულისხმიერად მომზადებული პროგრამის შემქმნელი. მშობელი, რომელიც ხედავს, როგორ უყურებს საზოგადოება მისი შვილის პრობლემას -  ვერასდროს შეაღებს ფსიქიატრიული დისპანსერის კარს ღირსების შემლახავი განცდის გარეშე.


მანონ ბოკუჩავა


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments