რუსთაველებს კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის პროექტი გააცნეს + (ვიდეო) - 26 თებერვალი 2016

დღეს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტში, ქალაქის მერმა რუსთაველებს  კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის პროექტი გააცნო.

პრეზენტაციის შემდეგ დაისვა კითხვები იმ შენობების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელთა რეაბილიტაციაც იგეგმება. რაზეც ჯიქია პასუხობდა, რომ შენობების მდგომარეობა შესწავლილია და გამაგრებით ან რაიმე სახის სხვა სამშენებლო ჩარევას - არც ერთი მათგანი არ საჭიროებს. კითხვები პარკირების თემაზეც დაისვა, რაზეც გაკეთდა განმარტება, რომ პროექტის თანახმად პარკირებისთვის შესაბამისი მონაკვეთები არის გათვალისწინებული. შეკრებილი საზოგადოების ნაწილი დაინტერესდა მოჰყვება, თუ არა აღნიშნულ სიახლეს რუსთავის მოედნის რეაბილიტაციაც (რუსთავის კოსტავას გამზირზე მოწყობილმა მოედანმა ჩაკეტა საავტომობილო ორმხრივი გზა და აღნიშნული მონაკვეთის გავლა დღეს შემოვლითი გზებით ხდება) - აღნიშნულზე დავით ჯიქია პასუხობდა, რომ საკითხის მიმართ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს.


,, რეალურად მოედანმა გაწყვიტა მოძრაობა ქალაქის ამ ორ მონაკვეთს შორის, თუმცა იმისთვის, რომ აღნიშნული მომენტი შემსუბუქდეს ჩვენ ახლა ვაფართოვებთ შემოვლით გზებს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მოედნის მოწყობისთვის საკმაოდ დიდი თანხაა დახარჯული. მისი აყრის შემთხვევაში ჩვენ კვლავს საკმაო თანხის დახარჯვა მოგვიწევს, რომ მოწესრიგდეს ეს ადგილი", - აცხადებდა რუსთავის მერი.
დისკუსია რეაბილიტაციის დროს შენობებისთვის ფასადის ფერების შერჩევის საკითხსაც შეეხო. აღნიშნულზე ითქვა, რომ მკვეთრი ფერების გამოყენება არ მოხდება და ძირითადად ფასადები თბილ, ღია ტონებში გადაწყდება.

აღნიშნული პროექტი კოსტავას გამზირის #1-დან #17-მდე და ფიროსმანის #3 და #5 საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და მინათებების მოპირკეთებას ითვალისწინებს. დაზიანებული არქიტექტურული ორნამენტები ახლით შეიცვლება, კორპუსებს დაუბრუნდება პირვანდელი სახე და შეიღებება წყლისა და მტვრისგან დამცავი მაღალი ხარისხის საღებავით, შენობებზე დამონტაჟდება თანამედროვე სანათები, შეიცვლება ყველა ძველი კარი, შეიღებება ხის ფანჯრები, მოეწყობა საცრემლეები და მარკიზები. 
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასევე შეიცვლება სანიაღვრე სისტემა, სადაც ჩაიდება გოფრირებული მილები მიმღები ჭებით. სავალ ნაწილზე დაიგება 18 სმ სისქის არმირებული ბეტონის საფარი, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები. სავალი ნაწილის ზედაპირი მოპირკეთდება ბუნებრივი ფლეთილი ქვით, ტროტუარსა და გაზონს შორის მოეწყობა ბაზალტის ქვით მოპირკეთებული დეკორატიული კედელი, გაზონები შემოიღობება ლითონის დეკორატიული ღობით და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, რომელი მდინარე მტკვრიდან გაფილტრული წყლით მომარაგდება, მოეწყობა 4-სმ სისქის დაწნეხილი ფილებით გაფორმებული ტროტუარი, სადაც განთავსდება სკამები, სანაგვე ურნები და სასმელი წყლის შადრევნები, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ და ტროტუარზე დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სისტემა.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად უკვე გამოცხადებულია ტენდერი. პროექტი, რომლის სატენდერო ღირებულება 5 363 393 ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტუროს სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება. სამუშაოები დაახლოებით 7 თვე გაგრძელდება.
  



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments