მიზეზები, რომლებიც თვითმმართველობებს წარმატებისგან აშორებთ # NDI-ს კვლევაში - 11 თებერვალი 2016



104 წლის წინ თბილისში, მელიქიშვილის 45 ნომერში პირველი მოსახლეები შევიდნენ. ვინ იყიდა ბინა და ვის გადასცეს რაიმე დამსახურებისთვს - დღეს ისტორიას წაშლილი აქვს. წარსულის ამ დეტალებს, ალბათ, არც აქვს  მნიშვნელოვანი.

რასაც ვერ ვიტყვით თავად ამ სახლზე. ორნამენტებით მორთულ ფასადზე ახალგაზრდა ქალის სახესთან ერთად ძველი აივნები და ყველა ფანჯრის გარშემო გამოყვანილი ჩუქურთმები - დღეს მას დამსახურებულად ანიჭებენ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს.

104-მა ზამთარმა, 104-მა ცხელმა ზაფხულმა და ამდენიმე წვიმიანმა შემოდგომამ - თავისი კვალი დატოვა. ორნამენტები და ჩუქურთმები ,,დანაოჭებულია" და ნელ-ნელა შორდება. ახალი რეალობაა ფასადს მიღმაც: წყლის და საკანალიზაციო გაყვანილობის მილებს წყალი მიუყვება, აზიანებს შენობას და ქმნის ადვილად შესამჩნევ ბზარებს.
მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ სახლს ერთადერთი სახურავი გადაუხურა - სრულ რეაბილიტაციას კი წლებია ელიან. საკითხზე თბილისის მერიიდან გვწერენ, რომ აღნიშნული ობიექტის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს არ იგეგმება.

კულტურული მემკვიდრეობა მხოლოდ ერთი თემაა, რომელიც უკმაყოფილების ბზარებს აჩენს მოსახლეობასა და თვითმმართველობებს შორის.

და ეს მხოლოდ თბილისს არ ახება. ქვეყნის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პრობლემის წინაშეა. სერვისები, რომლებსაც თვითმმართველობის ინსტიტუტი საზოგადოებას აწვდის ხშირად კრიტიკის საგანი ხდება.

ის, რომ თვითმმართველობას კვლავ გრძელი გზა აქვს გასავლელი ჩამოყალიბებისთვის - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2015 წელს, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, თელავი, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა, გურჯაანი) ჩატარებული კვლევაც აჩვენებს. ორგანიზაციის ინტერვიუერებმა, მოსახლეობის აზრის გასარკვევად, 8 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე, 4 448 ადამიანი გამოკითხეს.

კვლევის ნაწილი, სწორედ, თვითმმართველობის თემას დაეთმო. დებულებას:  ,, არჩეულ თანამდებობის პირებს (იგულისხმებიან საკრებულოს წევრები, მერი, გამგებელი) ჩემი სოფელი/ქალაქი სწორი მიმართულებით მიჰყავთ" - რესპოდენტების 53 % არ ეთანხმება,  ეთანხმება მხოლოდ 28 %, ,,არ ვიცი" განაცხადა 18 პროცენტმა , ხოლო 1% უარს ამბობს პასუხზე.

არჩეულ თანამდებობის პირებს  (იგულისხმებიან საკრებულოს წევრები
მერიგამგებელიჩემისოფელი/ქალაქი სწორი მიმართულებით მიჰყავთ
არ ვეთანხმები
53%
ვეთანხმები
28%
არ ვიცი
18%
უარი პასუხზე
1%

თვთმმართველობის ინსტიტუტისთვის პოზიტიური არ აღმოჩნდა საზოგადოების აზრი შემდეგ დებულებაზეც. რესპოდენტებს რომელთაც ბოლო 12 თვის განმავლობაში შეხება ქონდათ საკრებულოსა და მერიასთან ჰკითხეს:

 ,, რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო ხართ საკრებულოს  მუშაობით?" რესპოდენტებს 2 პროცენტმა  განცხადა, რომ ძალიან უკმაყოფილოა, 10%-მა დააფიქსირა რომ უკმაყოფილოა, არც კმაყოფილი  და არც უკმაყოფილო აღმოჩნდა 38%, ხოლო კმაყოფილი გაირკვა, რომ მხოლოდ 15%-ია. ძალიან კმაყოფილი საკრებულოს მუშაობით კი 2%-ია. ამ კითხვაზე ,,არ ვიცი" უპასუხა გამოკითხულთა 33%-მა.

რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო ხართ საკრებულოს  მუშაობით?
ძალიან უკმაყოფილო
2%
უკმაყოფილო
10%
არც კმაყოფილი  და არც უკმაყოფლო
38%
კმაყოფილი
15%
ძალიან კმაყოფილი
2%
არ ვიცი
33%

კვლევის თანხმად უკეთესი შედეგით თავს ვერც მერიები (გამგეობები) მოიწონებენ. გამოკითხულთა მხოლოდ 17 % ამბობს, რომ მერიის (გამგეობის) მუშაობით კმაყოფილია, ძალიან კმაყოფილოთა რიგებს კი გამოკითხულ რესპოდენტთა 2 % ეკუთვნის. მერიის მუშაობით ძალიან უკმაყოფილოა 2%, უკმაყოფილოა 13%, არც კმაყოფილი და არც უკმაყოფილოა 38%, ,,არ ვიცი" - არის რესპოდენტების 2%-ის პასუხი,  უარი პასუხზე კი 1 %-მა განაცხადა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვითმმართველობების მიმართ საზოგადოების განწყობებს იმ სერვისების ხარისხი განაპირობებს, რასაც მათ ეს ინსტიტუტი სთავაზობს.
ერთი ასეთი სერვისი საბავშო ბაღებია, რომლებსაც ოჯახები ყველაზე საყვარელ წევრებს აბარებენ. ბაღების მართვა სრულად თვითმმართველობების კომპეტენციაა. NDI-ის კვლევის თანხმად, ინტერვიუერებმა აღნიშნული საკითხის გასარკვევად მიმართეს, მათ ვისაც ბავშვები დაჰყავთ სკოლამდელ დაწესებულებებში.

კითხვაზე: ,, ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო ხართ იმ ბაღით სადაც  ბავშვი დადის?" - გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ კმაყოფილია, 16%  ძალიან კმაყოფილია. ამ განწყობებს არ იზიარებს რესპოდენტების 12 %, რომელიც ამბობს რომ უკმაყოფილოა. არიან სერვისით  ძალიან უკმაყოფილოებიც მათი რაოდენობა 5%-ია, ბაღების მომსახურებით არც კმაყოფილი და არც უკმაყოფილოა - 14%, პასუხს ,,არ ვიცი" აფიქსირებს 2 %.

ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო ხართ იმ ბაღით სადაც  ბავშვი დადის?
კმაყოფილი
51%
ძალიან კმაყოფილი
16% 
უკმაყოფილო
12 %
ძალიან უკმაყოფილო
5%
არც კმაყოფილი და არც უკმაყოფილო
14%
არ ვიცი
2 %

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მოსახლეობის დამოკიდებულებებს განსაზღვრავს, ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, უკავშირდება სასმელ წყალს. კვლევის თანახმად გამოკითხულთა მხოლოდ 63%-ის ოჯახისთვის არის წყლით მომარაგების ძირითადი წყარო - წყალსადენი სისტემა, რომელიც სახლში/ბინაშია
შემოყვანილი. ასე არ გაუმართლა გამოკითხულთა 16%-ს, რომლისთვისაც წყლით მომარაგების ძირითადი წყარო არის - წყალსადენი სისტემა, რომელიც ეზომდე ან უბანში რაიმე ადგილამდეა შემოყვანილი. 9%-ისთვის კი ძირითადი წყარო წყლის არის
- ჭა ეზოში ან უბანში. ასევე 9%-ისთვის ძირითადი წყარო წყლის არის ბუნებრივი წყარო ეზოში ან უბანში. კომფორტული ცხოვრებისგან უფრო შორსაა გამოკითხულთა 3%, რომელიც ,,სხვას" ასახელებს წყლის ძირითად წყაროდ.

ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეგიფასებთ გამგებლის მუშაობას მოქალაქე, რომელიც ხელ-პირის დასაბანად, საკვების მოსამზადებლად, თუ სხვა ყოველდღიური საჭიროებისთვის - ხელით, ან რაიმე ტრანსპორტით მოზიდულ წყალს იყენებს. აქვე უნდა ითქვას, რომ  მხოლოდ წყალზე ხელმისაწვდომობა არაა პრობლემა. ამავე კვლევის თანახმად გამოკითხულთა 31 % არ ენდობა იმ წყლის სისუფთავეს, რომელსაც იღებს.
მეორე საკითხი, რომელიც ასევე თვითმმართველობებს ეხებათ - მუნიციპალური გზების მდგომარეობაა. პრობლემები აქაც სახეზეა. კითხვაზე: საერთო ჯამში, რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო ხართ თქვენს სამეზობლოში გზების მდგომარეობით? რესპოდენტების 36%-ის პასუხია საშუალოდ, 28% უკმაყოფილოა, 9% ძალიან უკმაყოფილოა, კმაყოფილია - 23%, ხოლო ძალიან კმაყოფილია 2%.

საერთო ჯამში, რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო ხართ თქვენს სამეზობლოში გზების მდგომარეობით?
ძალიან უკმაყოფილო
9%
უკმაყოფილო
28% 
საშუალო
36 %
კმაყოფილი
23%
ძალიან კმაყოფილი
2%
არ ვიცი
2 %

დაგროვილი პრობლემების გარდა თვითმმართველობების მიმართ განწყობებს სხვა ფაქტორებიც განაპირობებს. ეს ,,დიდი მანძილია" ადგილობრივ ხელისუფლებებსა და მოსახლეობას შორის.

NDI-ის აღნიშნულ კითხვას: ,, ჩამოთვლილთაგან, რა უფრო კარგად აღწერს თქვენს ცოდნას საკრებულოს საქმიანობის შესახებ? "  - 71% პასუხობს, რომ საერთოდ არაფერი იცის საკრებულოს საქმიანობის შესახებ. უკეთესი შედეგი არ აქვთ მერიებს და გამგეობებს - მათი საქმიანობის შესახებ გამოკითხულთა 57% ამბობს, რომ საერთოდ არაფერი იცის მერიის/გამგეობის საქმიანობის შესახებ.

თუმცა როგორც ყველაფერს ამ მედალსაც ორი მხარე აქვს. კვლევა აჩვენებს, რომ სახეზეა მოსახლეობის ნაკლები სამოქალაქო აქტიურობაც. რესპოდენტების 91% ბოლო 12 თვის განმავლობაში არ დასწრებია საჯარო შეხვედრას; გამოკითხულთა 97%-ს  ასევე გასული 12 თვის განმავლობაში, ხელი არ მოუწერია პეტიციისთვის; 96 % არ დასწრებია დემონსტრაციებს; 96 %-ს  გასული 12 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ არ უმუშავია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

ქვეყნის 10  მუნიციპალიტეტში ჩატარებულმა NDI-ის კვლევამ აჩვენა, რომ თვითმმართველობა ვერ აწვდის ხარისხიან სერვისს  ადგილობრივ მოსახლეობას. ამასთან ერთად მოწოდების სიმაღლეზე არც თავად რიგითი მოქალაქეები არიან. თვითმმართველობის საქმიანობის  ნაკლოვანებებს არ აპროტესტებენ პეტიციებით, საჯარო გამოსვლებით. ასევე არ მონაწილეობენ საჯარო შეხვედრებში, სადაც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები, ან სხვა თემატიკის საკითხები განიხილება  - რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება.


მანონ  ბოკუჩავა

Comments