Tuesday, August 30, 2016

ყიზილაჯლოში თვითმმართველობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა


გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, „ქვემო ქართლის პრესა/KKPRESS" ახორციელებს პროექტს: „ ინფორმაცია მოდის შენს სოფელში - რეგიონული მედია მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერისთვის."

პროექტის ფარგლებში გამოიცა ქართულ-აზერბაიჯანული  (რვა გვერდიანი, ტირაჟი 500) გაზეთი „ქვემო ქართლი," რომელიც ვრცელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში.


აგრეთვე თვითმმართველობის კოდექსის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის, დღეს  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა. ღონისძიების მომხსენებელმა, დოქტორანტმა საჯარო მმართველობის საკითხებში (რევაზ ეგაძე) ყიზილაჯლოს მაცხოვრებლებს
მიაწოდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებზე. შეხვედრის ნაწილი, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივების მხრიდან დასახელდა სოფლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ნარჩენების გატანას ეხება. ადგილობრივების განცხადებით დასახლებაში ამ დროისთვის არაა სანაგვე ურნები და არ ხდება ნარჩენების ტრანსპორტირება. შეხვედრის მონაწილე ადგილობრივი საბავშვო ბაღის წარმომადგენელი კი აცხადებდა, რომ მათ დადგეს ბაღის წინ ურნა, თუმცა მოსახლეობამ დაიწყო მისი გამოყენება და ნარჩენები, არა თუ თვეში ორჯერ ყოველდღე გასატანი გახდა და იძულებული იყვნენ - ურნა თავად აეღოთ. აცხადებდნენ, რომ მათი სოფელი დიდია და ალბათ, ადგილობრივ ხელისუფლებას უჭირს, საჭირო რაოდენობის ურნების და ტრანსპორტის შეძენა. საუბრობდნენ, რომ თანახმა არიან გადაიხადონ ნარჩენების გატანის საფასური. მეორე საკითხი, რაზეც ადგილობრივებმა საუბარი ისურვეს - რიტუალების სახლს ეხება. ითხოვენ სოფელში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სარიტუალო სახლის მშენებლობას. საინფორმაციო შეხვედრის მიმდინარეობისას კი შეთანხმდნენ, რომ საკითხზე კოლექტიური წერილით მიმართავენ ადგილობრივ ხელისუფლებას.




პროექტის პარტნიორმა, მარნეულის გამგეობამ უზრუნველყო ღონისძიებისთვის ადმინისტრაციული შენობის დათმობა. აგრეთვე მუნიციპალიტეტი პროექტში ჩაერთო, როგორც მაკავშირებელი რგოლი არასამთავრობო ორგანიზაციასა და ადგილობრივ თემს შორის.

KKPRESS.GE




No comments: