Sunday, August 7, 2016

დავით კირკიტაძე: რუსთავის ხელმძღვანელობამ ველოტრასების მშენებლობა შეაჩერა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ წინასაარჩევნო ვიდეო რგოლში რუსთავში ველოგზების მშენებლობის შეჩერებაზე ისაუბრა და განაცხადა: “რუსთავს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი იმისა, რომ ველოსიპედი გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრანსპორტი ქალაქში. სამწუხაროა, რომ რუსთავის ხელმძღვანელობამ ყველაფერთან ერთად ველოტრასების მშენებლობაც შეაჩერა”.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ველოგზების მოწყობა ამჟამად მესხიშვილის ქუჩის და მეგობრობის გამზირის #1 და #2 კორპუსებთან მიმდინარეობს. თუმცა, საპროექტო ხელშეკრულების მიხედვით, მეგობრობის გამზირის ორ მონაკვეთზე მხოლოდ გაზონების და ტროტუარების მოწყობა, მესხიშვილის ქუჩაზე კი (ხელშეკრულების მიხედვით) – ბეტონის საფარის რეაბილიტაცია, საპარკინგე ადგილის მოწყობა და ტროტუარების რეაბილიტაცია იგეგმება. შესაბამის ხელშეკრულებებში, შესასრულებელ სამუშაოებს შორის ველოგზების მოწყობა მითითებული არ არის.

ამ საკითხზე კომენტარი რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს, ალექსი ნავროზაშვილს ვთხოვეთ. მისი განცხადებით, ველობილიკები ლეონიძის #2, #4 და #6 კორპუსებთან უკვე მოწყობილია. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებებში ველობილიკების მოწყობა კონკრეტულად არ არის მითითებული, ალექსი ნავროზაშვილმა იმით ახსნა, რომ მუნიციპალიტეტი ხელშეკრულებებში სამუშაოების დეტალურ აღწერას არ ახდენს. მისი ინფორმაციით, ამ ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა ხორციელდება, სადაც ტროტუარის ნაწილი აგურისფერი ქვაფენილით მოეწყობა. სწორედ ტროტუარის აგურისფერი ნაწილი არის ველოსიპედით მოძრაობისთვის განკუთვნილი.
ჩვენ დავინტერესდით, ლეონისძის 2, 4 და 6 ნომრებთან მართლაც არის თუ არა მოწყობილი ველობილიკები. როგორც აღმოჩნდა, ამ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარის ნაწილი მართლაც განსხვავებული ფერის ქვაფენილით არის დაგებული (იხ. ბმული), თუმცა სპეციალური მოხაზვა, ან რაიმე დამატებითი ნიშანი, რომ ქვაფენილის ეს ნაწილი ველობილიკად არის გათვალისწინებული, არ გვხვდება.
რაც შეეხება მესხიშვილისა და მეგობრობის ქუჩებს, იქ ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსთავის მერიამ თავის ვებგვერდზე მეგობრობის ქ. #1-ში მიმდინარე სამუშაობის შესახებ ფოტომასალა გამოაქვეყნა. ფოტოებზე ჩანს, რომ ამ ქუჩაზე მხოლოდ საფეხმავლო ბილიკის (და არა ველოგზის) მოწყობა მიმდინარეობს (იხ. ბმული).
რაც შეეხება მესხიშვილის ქუჩას, აქ სამუშაოები საწყის ეტაპზეა და მოხდება თუ არა ველოგზის მოწყობა, ძნელი სათქმელია. თანაც, იმ ფონზე, როდესაც ხელშეკრულებაში ველოგზის მოწყობა საერთოდ არაა ნახსენები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში ველობილიკების მოწყობა არც ლეონიძის ქუჩაზე იყო ნახსენები, მაგრამ იქ ველობილიკის აღსანიშნავად განსხვავებული ფერის ქვაფენილი დაიგო.
აქვე აღვნიშნავთ, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში რუსთავში ველოგზების მოწყობა უფრო მასშტაბური ხასიათის იყო. ველოგზა ქალაქის შემოსასვლელიდან, შარტავას და მეგობრობის გამზირამდე თითქმის სრულად მოეწყო (იხ. ბმული).

დასკვნა
რუსთავის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ ველობილიკი ლეონიძის #2, #4 და #6 კორპუსების წინ მოეწყო. ამჟამად, სამუშაოები ქალაქის ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს, სადაც, რუსთავის მუნიციპალიტეტის განცხადებით, ველოგზები მოეწყობა. აქედან ერთ მონაკვეთზე, მეგობრობის #1-ში, არა ველობილიკი, არამედ მხოლოდ საფეხმავლო გზა კეთდება. მესხიშვილის ქუჩაზე კი სამუშაოები მხოლოდ საწყის ეტაპზეა, ამიტომ იქ ველოგზა მოეწყობა თუ არა, ძნელი სათქმელია. თანაც, შესაბამის ხელშეკრულებაში ველობილიკების მოწყობა დაკონკრეტებული არ არის. ფაქტ-მეტრი ამ საკითხს მომავალში კვლავ დაუბრუნდება.
ისიც აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ველოგზები გაცილებით დიდ მონაკვეთზე, ქალაქის ცენტრალურ გამზირებზე თითქმის სრულად მოეწყო.
შესაბამისად, დავით კირკიტაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

მანონ ბოკუჩავა
factcheck.ge 

No comments: