დევნილები ოსი და აფხაზი მეგობრების შესახებ - 17 ოქტომბერი 2016

ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, რომელიც ომით არ იწყება...


(თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიკოდა - დევნილთა კომპაქტური დასახლება)
ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონები, უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ეთნიკურად ქართული მოსახლეობის გარეშე აგრძელებენ ცხოვრებას. ჩვენმა დევნილებმა მეტ-ნაკლებად აუღეს ალღო ახალ გარემოებებს: ცხოვრობენ კომპაქტურ დასახლებებში, ზოგმა საცხოვრებელი მიიღო, ზოგიც დღემდე ელის - ცხოვრება ოკუპირებულ რეგიონში კი სულ სხვაგვარად მიდის.
ერთი კი, რაც დევნილებს და აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონში დარჩენილებს აერთიანებთ  - ეს ახალი თაობაა, რომელსაც ძირითადად მხოლოდ კონფლიქტის შესახებ აქვს ინფორმაცია.  

ხიდის გარეშე დარჩენილ, სხვადასხვა მხარეს მყოფ ახალ თაობებს, ბუნებრივია, არ ახსოვთ, რომ ოსები, ქართველები და აფხაზები საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, იყვნენ მეზობლები, ქმნიდნენ შერეულ ოჯახებს და იყო დრო, როდესაც ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათი ქართველი მეზობლების სახლები - ნასახლარებად იქცეოდა.
ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი სიცოცხლე მივცეთ ისტორიებს, რომლებიც მშვიდობიან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვითარდებოდა. ქართველების, ოსებისა და აფხაზების მეგობრობის ისტორიები ქვემო ქართლის რეგიონის დევნილთა კომპაქტური დასახლებებიდან მოვიძიეთ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის დასახლებაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილად ქცეულთა კომპაქტური დასახლებაა. სხვადასხვა ფერის კორპუსებში ცხოვრობენ დევნილები ცხინვალიდან, ერედვიდან. კორპუსებს მცირე, მაგრამ მოვლილი და გამწვანებული ბაღები ყოფთ ერთმანეთისგან. აქ მყოფ დევნილებს უყვართ მიწის დამუშავება. პატარა ბაღებში, ძირითადად, ხილის ნერგები, მწვანილი და სხვადასხვა ყვავილი ხარობს.

78 წლის ცხინვალიდან დევნილ ჯემალ ქრისტესიაშვილს ერთ-ერთი კორპუსის ეზოში ვხვდებით. ის თითქმის ორმოცი წელი მძღოლად მუშაობდა, ემსახურებოდა ცხინვალში თეატრის, ქორეოგრაფიული ანსამბლის თანამშრომლებს და ადგილობრივ თანამდებობის პირებს.
„მე და ჩემი ოსი მეგობრები, ახლა ერთმანეთის პირისპირ რომ დაგვაყენო იარაღით, არც მე ვარ მსროლელი და არც ისინი. ეს არ იყო ჩვენისთანა უბრალო ხალხის დაწყებული ომი.
ჩემი მეგობარი ოსი წამყვანი ქორეოგრაფი ფაციკ კაბისოვი იყო. მას სუხიშვილი „ქორ-შევარდენს“ ეძახდა. კაბისოვი პირველი იყო, ვინც მანქანა საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანა.
გასაყოფი არაფერი გვქონდა, რასაც თავისთვის გადადებდნენ და იყიდიდნენ, იმას ინახავდნენ ჩემთვისაც. ერთხელ მახსოვს ერთ დღესასწაულზე, „ღმერთო დამეხმარეს“ ოსურად ვიძახდი - „ომეხ შაოს“. არც მაგათ ოჯახში თქმულა ჩვენზე ცუდი და არც ჩვენსაში - მათზე. ყოველ მეორე ოჯახში ოსი რძალი გვყავდა. ჩემს მეზობლებსაც გავიხსენებ ბესტაევებს. მათ ცხრა ბიჭი ჰყავდათ. მე იმდენად ხშირად ვიყავი მათთან, მეათე ძმად მთვლიდნენ.
ახლა რაა ჩვენი ცხოვრება?! სიღარიბეა გარშემო. სულ ორი კბილი მქონდა, ექიმთან მიმიყვანეს და ისიც დამაძრო. გვიჭირს წამლების შეძენაც... ძვირია ყველაფერი. ყოველდღიურ პრობლემებში ვცხოვრობთ“, - საუბრობს ცხინვალიდან დევნილი ჯემალ ქრისტესიაშვილი. ამბობს, რომ 2008 წლის შემდეგ არაფერი იცის თავისი ოსი მეგობრების შესახებ. გვიხსნის, რომ იმ დროს ნაკლებად იყო მობილური ტელეფონები და ამის გამო დღეს ერთმანეთის ნომრები არ აქვთ.
ოსებთან თავისი ისტორიები აკავშირებს 77 წლის დიმიტრი ბორცვაძეს. ისიც ახლა კოდაში დევნილების დასახლებაში ცხოვრობს. ამბობს, რომ ახალგაზრდობაში როკის გვირაბის სამუშაოებში მონაწილეობდა.
„ვენაცვალე ჩემს ოს მეგობრებს. ერთ დღეს ვჩხუბობდით, მეორე დღეს ვრიგდებოდით. ერთმანეთის სახლში საჭმელს ისე მოურიდებლად ვიღებდით და ვჭამდით, როგორც ოჯახის წევრები. ერთად ვდენიდით საქონელს, დღეობებს, ქორწილებს ერთად ვიხდიდით. ჩემი კლასელი მახსენდება სულ - გოგია საბანოვი. ოსი გახლდათ. მამამისი ჩვენი ისტორიის მასწავლებელი იყო და სულ თხოვდი, გოგია სთხოვე, დღეს არ მკითხოს მამაშენმა-მეთქი.
ერთხელ მითხრა - მამაჩემმა შემოგითვალა ერთხელ მაინც ისწავლოს რამე, გამაფრთხილოს და იმ დღეს ვკითხავო, მოყვეს ორი ხაზი და დავსვამო. მართლა ასე გავაკეთეთ. რა მექნა, ვერ ვსწავლობდი ამ ისტორიას.
ჩემი მეგობრები იყვნენ ფუხაევებიც. ვკითხულობ მათ ამბებს. მეუბნებიან, რომ ყველანი ცოცხლები არიან და ახლა ცხინვალში ცხოვრობენო“, - ამბობს დიმიტრი ბორცვაძე.
კოდის დევნილების დასახლებაში ცხოვრობს 52 წლის ცხინვალიდან დევნილი ალმა ჯიოევა. ამბობს, რომ ქართველი მეუღლე ჰყავს და იმის გამო, რომ ოსია, არც წლების წინ - ახალ ოჯახში შესულს და არც ახლა ქართველ დევნილებთან ურთიერთობაში მყოფს - სირთულეები არ აქვს. ალმას თავისი პატარა მაღაზია აქვს დევნილების დასახლებაში. ყველა კლიენტი მისი მეზობელია და ყველას სახელით მიმართავს.
„რა თქმა უნდა, ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. აი, მაგალითად ასევე ჩემნაირად დევნილი ნელი ოზგებიშვილი. დილით, რომ გამოვალთ და შევხედავთ ერთმანეთს უკვე ვიცით, ვის რა გვიჭირს. ვეტყვი - აბა, რა ხდება, ვინ გაგაბრაზა-მეთქი. მერე ის მომიყვება. ერთმანეთს პრობლემებს ვუზიარებთ  და რჩევებს ვაძლევთ. ეთნიკურობას მნიშვნელობა არ აქვს. კარგი და ცუდი ველგანაა.
რაც შეეხება ომს, სიმართლე გითხრათ, ცხინვალის პირველი კონფლიქტის შემდეგ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ არ განმეორდებოდა...  ახლა ცხინვალში ჩემი ასაკოვანი დედა და ძმები არიან. დედა ვერ გადმოდის აქეთ. ჩემი შვილიშვილებიც არ ჰყავს ნანახი. ძმა იყო ამას წინათ გადმოსული და ძალიან გაუკვირდა, როდესაც აქ ქართველებმა კარგად მიიღეს“, - გვიყვება ალმა ჯიოევა.
შემდეგ რესპოდენტთან თავად გვამისამართებს, გვერდითა კორპუსში ასევე ოსი ქალბატონი ეგულება. ზემფირა (ემა) ცხოვრებოვა 65 წლისაა. ქართველზე დაოჯახების ისტორიას გვიყვება. ოღონდ მთავარი გმირი ამ ისტორიაში მამამთილია. ამბობს, რომ ჯერ მას მოეწონა და შემდეგ მომავალ მეუღლეს.
 „19 წლის ვიყავი, როდესაც ცხინვალიდან ერედვში გამიშვეს სამუშაოდ. ერთი სიტყვაც არ ვიცოდი ქართული, რადგან იქ მარტო ოსი მეზობლები მყავდა. აქ რომ ჩამოვედი, მოკლე კაბით და გაპრანჭული, ამბულატორიის თანამშრომლებმა იფიქრეს, რომ მე არაფრის გამკეთებელი არ ვიყავი. მაგრამ ერთ დღეს ეზოს დაბარვა გახდა საჭირო, ავდექი და მოვეხმარე. მეორე დღეს ცეცხლისთვის ფიჩხები მოვზიდე და მერე კი მიხვდნენ ნელ-ნელა, რომ მე ყველაფერი კარგად ვიცოდი.
იქ მნახა ჩემმა მამამთილმაც. მერე მანახეს ჩემი აწ გარდაცვლილი მეუღლე. ვთქვი, ფუფ, ეს რა მსუქანია-მეთქი. თურმე ენა მიუტანიათ. დამდგარა დიეტაზე და მერე ისეთი გამხდარი გამომეცხადა, გამიკვირდა. იცით, ჩემი ოსობის გამო ოჯახში პრობლემა ნამდვილად არ შემქმნია.
დედაჩემი იტყოდა არ არსებობს ცუდი ერი, არსებობენ მხოლოდ ცუდი ადამიანები“, - საუბრობს ზემფირა (ემა)  ცხოვრებოვა.
ახლა თავისი პატარა მაღაზია აქვს და ამბობს, რომ კლიენტების ნაკლებობას არ უჩივის. თუმცა შედარებით მშვიდი ცხოვრების დაწყებამდე ახალი დევნილობის წლები გაიარა, როდესაც შვილების აღზრდა მოუწია.
დევნილების დასახლებაში ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე ერთმანეთის მსგავს ისტორიებს ვისმენთ. მსგავსია ასევე ჩვენი რესპოდენტების დღევანდელობაც.
ყოველდღიურ პრობლემებს უმკლავდება 54 წლის ლეილა ოსგებიშვილიც. საუბრობს ოკუპირებულ ტერიტორიაში მოყოლილ თავის სახლზე, კლასელებზე, მეზობლებზე. ამბობს, რომ ყველანი ენატრებიან და დიდი სიამოვნებით შეხვდებოდა მათ.
„2008 წელს, ომის შემდეგ, რომ წამოვედით, გეფიცებით, ბევ ძალიან შინაურს არ დაურეკავს ჩვენთვის და არ მოვუკითხავართ, არადა ამ დროს სწორედ ჩვენი ოსი მეზობლები გვირეკავდნენ - სად ხართ, როგორ ხართო. გვყავდა ოსი კლასელები, მასწავლებლები - ვცხოვრობდით ერთად. ახლა ყველანი დავიფანტეთ, მენატრებიან ძალიან“, - ამბობს ლეილა ოსგებიშვილი.
დღეს მას და მის შვილებს ერთი საყვარელი ადგილი აქვთ - სოფელი არბო. ამ სოფლის მთაზე არის ეკლესია, რომლის ერთი კედლიდან პირდაპირ ჩანს ჩემი დამწვარი სახლი. არაფერს მშველის, მაგრამ მაინც ავდივართ ამ ეკლესიაში და იქიდან ვუყურებ ჩემ ნასახლარს. მძიმეა ეს ყველაფერი... ახალმა თაობამ უკვე ბევრი არაფერი იცის. კი ვუყვებით, რაც შეგვიძლია, მაგრამ არც ქართულ-ოსურ მეგობრობაზე და არც სხვა სიკეთეებზე მათ ბევრი არაფერი იციან“, - დასძენს ლეილა ოსგებიშვილი.
(რუსთავისმე-11 მიკრო რაიონი - დევნილების დასახლება)
ქართულ-აფხაზურ საერთო წარსულზე სასაუბროდ კი რუსთავის მე-11 მიკრორაიონში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს ვსტუმრობთ. აქაც არიან ადამიანები, რომელთაც უყვართ მიწის დამუშავება. კორპუსების წინ მოვლილი, გამწვანებული ბაღებია. 81 წლის ოლღა ჯაიანი წუხს, რომ ვერსად იშოვა პალმები. დარგული აქვს მუშმალას ხეები, წიწაკები, სხვადასხვა მწვანილი, ყვავილებიც - მხოლოდ პალმა ვერ იშოვეს.
ოლღა სოხუმის სამკერვალო საწარმოში ინჟინრად მუშაობდა. კერავდნენ ქალის და ბავშვის ტანსაცმელს. საწარმოს ფილიალები ტყვარჩელსა და გუდაუთაში ჰქონდა. უშუალოდ მის ფილიალში კი ქართველებთან ერთად აფხაზები და ბერძნები მუშაობდნენ. იხსენებს ერთ პოლიტიკური ხასიათის მიტინგს, რომელიც სოხუმში ჩატარდა. მას იქ მისვლა დაავალეს. ამბობს, რომ არ მივიდა და მიტინგის ორგანიზატორებს შეუთვალა, რომ ის მხოლოდ ქართველების ინჟინერი არ იყო და პოლიტიკის გამო არავის გაანაწყენებდა.
                              
„ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე აფხაზი თანამშრომელი მყავდა - მერი კანკია. მე ის ოსტატად გამოვზარდე. სიმართლე გითხრათ, მაშინ ეროვნებას არც არავინ აქცევდა ყურადღებას. ერთად ვმუშაობდით, მოწინავე საწარმო ვიყავით. რაღაც სუფრებს, რომ აწყობდნენ მე მანამდე არ დავჯდებოდი, სანამ ჩემი დამლაგებლები და ტექნიკური პერსონალი არ მოვიდოდა. ასე იყო სწორი და იმიტომ. ჩვენ შრომას ყველანი ვიყოფდით და საწარმოს ყველა თანამშრომელი თანაბარ პატივისცემას იმსახურებდა“, - იხსენებს ოლღა ჯაიანი. ამბობს, რომ რაღაც პერიოდი რუსეთში მოუწია ყოფნა და იქ იგებდა ამბებს სოხუმში სამომავლოდ სიტუაციის არევის შესახებ, მაგრამ არ სჯეროდა.
„ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ეს მოხდებოდა. დაიწყო ომი, მოგვიწია წამოსვლა, ყველაფრის დატოვება. გეტყვით, რომ ჩემი აფხაზი ახლობლის დახმარებით გადმოვედით აფხაზეთიდან. მან მე ავადმყოფი დედა გადმომაყვანინა“, - საუბრობს ოლღა ჯაიანი.
თავისი ისტორია გაგვიზიარა გაგრიდან კონკრეტულად კი ბზიფიდან დევნილმა 56 წლის ნათელა მუშკუდიანმა. „ დიდი შრომა მადგა აფხაზეთშიც და აქაც. 18 სული საქონელი მყავდა - 10 მეწველი ძროხა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა რთული იყო მათი მოვლა. შვილები და მეუღლე მეხმარებოდნენ.
ავაშენეთ სახლი, მოვაწყვეთ ავეჯით, მარტო სახლის შესაღებად ორი თვე მყავდა მუშები. მოკლედ მოვაწყვეთ და უკვე ჩვენი ნაშრომით ცხოვრება და ტკბობა დავაპირეთ, რომ დაიწყო ომი და ყველაფრის დატოვება მოგვიწია“, - ამბობს ნათელა მუშკუდიანი.
დღეს მის სახლში აფხაზი მეზობლის ვაჟი ცხოვრობს. „ნამდვილად არ მინდოდა უცხო ადამიანს ეცხოვრა ჩემს სახლში. ამიტომ ჩემს აფხაზ მეზობელს ჟორა კეტიას ვუთხარი, რომ მისი შვილი შეეშვა საცხოვრებლად. დავუბარე იცხოვრე და თუ დავბრუნდები, ჩემი მეოთხე შვილი შენ იქნები-მეთქი.
თვითონ ეს ჟორა კეტია ომის დროს ყველაფერს აკეთებდა ჩვენს დასახმარებლად. ჩვენი სახლისკენ საავტომობილო გზა მოდიოდა, ადგა და გადათხრა. ეს იმისთვის გააკეთა, რომ მაშინ ყაჩაღობები იყო. შეიძლებოდა მანქანით შესულიყვნენ და გავეძარცვეთ,  დავეყაჩაღებინეთ.
ერთმანეთთან, ძირითადად, ასეთი მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ეს კონფლიქტი შორის რამე პრობლემის გამო არ დაწყებულა. აქ მთავარი რუსეთია“, - ასე ფიქრობს, ნათელა მუშკუდიანი.
ომმა ცხოვრება რადიკალურად შეუცვალა 55 წლის გულრიფშიდან დევნილ მანანა შონიას. მას არ ავიწყდება აფხაზეთიდან გამოსასვლელად, ე.წ სვანეთის გზის გავლა. გვიყვება, რომ 5 დღის განმავლობაში შიმშილსა და სიცივეში 6 წლის შვილთან ერთად გაიარა სვანეთის გზა. ამბობს, რომ გზად ბევრი ხანდაზმული და ბავშვი გაიყინა.
ახლა რუსთავში ცხოვრობს და უმუშევარია. უვლის მეორე კლასელ შვილიშვილს.
„აფხაზეთში ტუბსაავადმყოფოში ვმუშაობდი. შემდეგ დავოჯახდი. დედამთილი აფხაზი მყავდა. შვილივით მიმიღო, ყველაფერს მიკეთებდა, რაც შეეძლო, პატივს მცემდა. თვითონ იცოდა აფხაზური, თუმცა ოჯახში აფხაზურად ძალიან იშვიათად საუბრობდა.
როგორც აფხაზეთში მცხოვრებ ბევრ ქართველს, მეც მყავდა აფხაზი მეგობრები. მშვენიერი წლები გავატარეთ ერთად. მაშინ არ იყო ოჯახი, სადაც აფხაზი რძალი ან სიძე არ ყოფილიყო. ახლებმა ამის შესახებ არაფერი იციან. ჩემს შვილიშვილს კი ვუყვები, მაგრამ მისთვის ეს ვერ იქნება ისეთივე გასაგები და მნიშვნელოვანი, როგორც ჩემთვის. რადგან მისი ცხოვრება აფხაზეთში არ დაწყებულა და ვინ იცის, მომავალში რა იქნება“,  - საუბრობს მანანა შონია.
აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ სხვადასხვა მხარეს მდგარი თაობები, თავიანთი ისტორიის სახელმძღვანელოებში განსხვავებულ ფაქტებს წაიკითხავენ. მათ არავინ ეტყვით, რომ ომით არ იწყება ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები... რომ არსებობდა საერთო წარსული, სადაც იყო მეგობრობა, ნათესაობა და ადამიანური ურთიერთობები.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა
გამოქვეყნდა: liberali.ge

Comments