Sunday, November 17, 2019

ხაიში – შეშინებული რესპონდენტები და სოფლის მთავარი პრობლემა


491 ადამიანი ცხოვრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში. მათი დიდი ნაწილი სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტია, ნაწილი კი შედარებით ახალი მოსახლე. უცნაურად თვალშისაცემია  სოფელში ერთი გარემოება, ადგილობროვების   დაყოლიება იმაზე, რომ ისაუბრონ საკუთარი სოფლის პრობლემებზე, საკმაოდ რთულია. ეშინოდათ, რომ  ამის გამო უსაყვედურებდნენ და პრობლემებს შეუქმნიდნენ. ალბათ, არ არის საჭირო იმისი ახსნა, თუ რამდენად დიდ პრობლემაზე მიუთითებს აღნიშნული..

მიუხედავად ამ სირთულისა, დასახლებიდან ინფორმაციის მიღება მაინც მოხერხდა. გავარკვიეთ, რომ დღეს ხაიშსს ყველაზე მეტად  სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა აწუხებს. დასახლების სხვადასხვა ნაწილს სასმელი წყალი კვირის სხვადასხვა დღეს მიეწოდება და ისიც რამდენიმე საათით. ადგილობრივები, ძირითადად პირად საუბრებში, ერთხმად ამბობენ, რომ წყალი მათთვის საკმარისი არ არის. ასევე აწუხებთ  წყლის ხარისხიც. გვიხსნიან, რომ ბოთლებში შეგროვილ წყალს, მეორე დღეს, უსიამოვნო სუნი და შეფერილობა აქვს. ირინა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, გადმოვიდა საცხოვრებლად ხაიშში, კითხვაზე რა განრიგით მოდის წყალი სოფელში, გვიხსნის რომ „წესით“ კვირაში სამჯერ 13:00-15:00 საათამდე. ამბობს, რომ მათ 1 ტონა წყალი ეკუთვნით, თუმცა ამ ოდენობის წყლის მიწოდება  არ ხდება. ამბობს, რომ დასახლებას ნარჩენების კუთხითაც აქვს პრობლემა. ასევე, სოფელს არ აქვს ერთი სკვერი მაინც, სადაც ოჯახები ბავშვების გაყვანას, ახალგაზრდები კი შეკრებას და დასვენებას შეძლებდნენ. თუმცა საუბრის ბოლოსაც გვიმეორებს, რომ წყალი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა.
ხაიშში პატარა სვანური კოშკის მსგავს ობიექტს წავაწყდით. იქვე იჯდა  ადგილობრივი მადლენა  სახვაძეც. „აი, ზუსტად მეც წყალს ველოდები“ – გვპასუხობს, მას შემდეგ, რაც ჩვენი ინტერესის შესახებ იგებს.

ქალბატონი მადლენა აღმოჩნდა, რომ ხაიშის შუა უბანში ცხოვრობს, სადაც წყალი ოთხშაბათს, შაბათს და კვირას უნდა ჰქონდეთ. ამბობს, რომ გრაფიკი ხშირად ირღვევა და საკმარისი წყალი არ აქვთ. უწყლობა მუდმივ პრობლემად ექცა ადგილობრივ ნავრუზ გიგანსაც. ამბობს, რომ თითქმის ყოველ თვე უწევს წყლის შეძენა – 6 ტონას 50 ლარად ყიდულობს. ხაიშელების ეზოებში ერთი შეხედვითაც ადვილად მიხვდებით, რომ სოფელს წყლის პრობლემა აქვს. თითქმის ყველა ეზოში პლასტმანისის ბოთლებია მომარაგებული. აქ, შეგხვდებათ წყლის შესანახი ავზებიც.

აქვე უნდა ითქვას, რომ მოსახლეობა სარწყავი წყლის მიწოდებითაც უკმაყოფილოა. გვიხსნიან, რომ გარკვეულ სასოფლო კულტურებს აპრილში თესავენ, წყალს კი მაისში აწვდიან.
QvemoQartli.ge ხაიშის სასმელ და სარწყავ წყალთან დაკავშირებით, კითხვებით თეთრიწყაროს ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
მასალა მომზადდა “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” (CENN) მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში: “ინფორმაცია ცვლილებებისთვის – წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის სტანდარტების პოპულარიზაცია დმანისის, მარნეულის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.”
სამაია რზაევა
QvemoQartli.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

No comments: